გაიცანით, ეს ქეთი შუბლაძეა!
სახელი: ქეთი
გვარი: შუბლაძე
ასაკი: 11 წლის
სკოლა: ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი’’
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
პირველი ნაბიჯები სპორტში
მშობლებმა 4 წლის ასაკში შემიყვანეს ცურვაზე და პანდემიამდე დავდიოდი, შემდეგ კი შევწყვიტე. ვფიქრობ, მოყვარულის დონეზე ცურვის ცოდნა აუცილებელია.
სპორტული კარიერა და ოჯახის წევრები
მამაჩემი ნიკოლოზ შუბლაძე ყოფილი მოჭიდავეა. იგი ფეხბურთს ბავშვობაში თამაშობდა. დედაჩემს - მაკა სალხინაშვილს სპორტის სახეობებიდან მხოლოდ ფიგურული სრიალი და კალთბურთი მოსწონს. ჩემს ტყუპისცალს - ნუცას კი სურს დელფინების მწვრთნელი გამოვიდეს. ჩემი 8 წლის ძმა, მათე ჩემი გულშემატკივარია და ისიც ფიქრობს ისწავლოს ფეხბურთის თამაში.
როდის და რატომ დაინტერესდი სპორტით?
ზოგადად ძალიან სპორტული ვარ, მიყვარს ჯანსაღი ცხოვრება, რომელიც დედამ შემაყვარა. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. თავიდან 4-5 წლის ასაკში დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით. ამის მიზეზი ისაა, რომ ეზოში თამაშის დროს უფროსები და ბავშვები ხშირად ლაპარაკობდნენ ფეხბურთზე, ასევე ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვისმენდი ტელევიზორშიც. შემდეგ მივედი სტადიონზე და ვცადე თამაში, თავიდან არაფერი გამომივიდა, მაგრამ ჩემით ნელ-ნელა ვისწავლე... თავისუფალ დროს განსატვირთად ეზოში ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს, ხან ბიძია/ბაბუებს, ხან კი ჩემს თანატოლ ბიჭებს ვეთამაშებოდი. მშობლებს ხშირად ვესაუბრებოდი ფეხბურთის შესახებ, მამას მოსწონდა ჩემი დაინტერესება და ხელს მიწყობდა, რამდენჯერმე დინამოს სტადიონზეც წამიყვანა და ფეხბურთს ერთად ვგულშემატკივრობდით. თავიდან გატაცების დონეზე ვიყავი, მერე ძალიან დავინტერესდი და მშობლებს ვთხოვე ფეხბურთის რომელიმე გუნდში მივეყვანე, რაზეც დედისგან ყოველთვის უარის ვიღებდი იმ მიზეზით, რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ იყო... მოგვიანებით დედამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, დამიძახა და მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი იყო ჩემი ფეხბურთის თამაშის, იგი პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას და თვითონ დაიწყო ქალთა საფეხბურთი გუნდების მოძიება. მერე მამას დაელაპარაკა და ოჯახის ერთობლივი მხარდაჭერით მე დღეს ჩემი სურვილი ავისრულე, დავდივარ ფეხბურთზე.
რთულია თუ არა გოგონასათვის იყოს სპორტსმენი?
მე ვფიქრობ რომ არ არის რთული, მაგრამ საქართველოში სპორტის სახეობების უმრავლესობა განვითარებული არ არის და არც დიდი ხელშეწყობაა.
როგორ შეხვდნენ მშობლები შენს გადაწყვეტილებას?
დღეს უკვე მშობლების სრული მხარდაჭერა მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდო იყო (ამჟამად სხვა ფავორიტებიც მყავს). ძალიან მინდოდა ფეხბურთელის ფორმა და ეს ოცნება ბებომ ამისრულა, მიყიდა რონალდოს ფორმა და მახსოვს, როგორი თავმომწონე და თავდაჯერებული ვიყავი, როცა ამ ფორმით ვთამაშობდი ფეხბურთს.
როგორ ახერხებ სპორტისა და სწავლის შეთავსებას?
ეს არც ისე მარტივია, მაგრამ ვახერხებ. დილით ადრე ვდგები, 7-8 საათზე იწყება ჩემი დილა. დილიდან 3 საათამდე სკოლაში ვარ, მერე სახლში დაბრუნებული გაკვეთილებს ვამზადებ, კვირაში სამჯერ დავდივარ ფეხბურთზე, სამჯერ ქართულ ცეკვებზე. შაბათ-კვირას ვსწავლობ წინასწარ მომავალი კვირის გაკვეთილებს, რომ სამუშაო დღეებში მხოლოდ გადამეორება დამჭირდეს. დღის გრაფიკის შედგენაში დედა მეხმარება. იგი ცდილობს დროის რაციონალურად გამოყენება მასწავლოს. თვითონაც ძალიან დატვირთულია და ყველაფერს ასწრებს, სამ ადგილას მუშაობს, სამ შვილს უვლის და სახლის საქმეებსაც ართმევს თავს. მეც ვცდილობ დროის ფასი ვისწავლო და მგონი გამომივა...
სამომავლო გეგმა
წინასწარ არ მიყვარს ჩემს გეგმებზე საუბარი...
რჩევა თანატოლებს
მე მათ ვურჩევ რომ უპირატესობა მიანიჭონ ჯანსაღ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. დილით ადრე გაიღვიძონ და საღამოს ადრე დაიძინონ. მშობლები თუ რამეს აუკრძალავენ და მათ მიაჩნიათ, რომ მშობლები არასწორად იქცევიან, შეეცადონ უფროსები დაარწმუნონ რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშობლებთან შეთანხმებას. მე ნამდვილად გამიმართლა, ჩემი მშობლები გვერდში მიდგანან და ცდილობენ მაქსიმალურად შემიწყონ ხელი.
წყარო : https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada