გაიცანი სპორტის მასწავლებელი!
სახელი: გიორგი
გვარი: გეგენავა
სკოლა: ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“; სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლა
რამდენი წელია სპორტის მასწავლებელი ხართ?
სპორტის მასწავლებელი 3 წელია ვარ, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ზოგადად, მასწავლებლობის სიყვარული ბებიისა და ბაბუის ზეგავლენით, მათი დამსახურებებით და ცხოვრების წესის ყურებიდან გამომდინარე გამიჩნდა. ბაბუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული იყო. სკოლაში მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად, შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც უამრავ ქართველს, მოუხდა მეორე მსოფლიო ომში წასვლა. იბრძოდა საკუთარი ქვეყნის და ღირსების დასაცავად; ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედ აიყვანეს და 2 წლის განმავლობაში გერმანულ ტყვეთა ბანაკში უმძიმეს ვითარებაში ამყოფებდნენ, როგორც სხვა უამრავ გმირ ქართველს. არ უყვარდა ბაბუას ომზე საუბარი, ყოველთვის ცდილობდა მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია ყოფილიყო მაღალი, მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა. ერთ რამეზე გამოთქვამდა გულისტკივილს, ომამდე ვერ მოასწრო სადისერტაციო ნაშრომის დაცვა, რომელზეც ნიკო კეცხოველის ხელმოწერა იყო. მასზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ბებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, და ფსიქოლოგი გახლდათ. ისიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში.
როგორ შეაფასებთ სკოლებში არსებულ ვითარებას სპორტის თვალსაზრისით?
ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი მსოფლიო ისტორიაში გააკეთოს უფრო ხმამაღალი განცხადებები, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. არა მხოლოდ სპორტულ, არამედ სხვა მიმართულებებშიც. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის მხარდაჭერა, რასაც იღებენ სკოლები სხვადასხვა პროექტებიდან, რათა მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდოს და მეტი მოზარდი დაინტერესდეს სპორტით. არის რიგი გამოწვევები, რაც შეიძლება გადაიხედოს და გამოსწორდეს, რათა მეტ მოსწავლეს გაუჩნდეს მოტივაცია იყოს აქტიური, მაგრამ უმეტესწილად მდგომარეობა პოზიტიურია. მოსწავლეს, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ამა თუ იმ აქტივობით, თუნდაც საბაზისო დონეზე, შედარებით უმარტივდება სხვა საგნების შესწავლა, სწრაფად მოქმედებს რთულ სიტუაციებში, მარტივად უმკლავდება ბარიერებს და სხვა მრავალი დადებითი ნიუანსი შეაქვს მის ცხოვრებაში.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდეს და ისინი სპორტით დაინტერესდნენ?
მრავალფეროვნება და ინფორმირებულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება; აგიტაცია, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია თუნდაც 15 წუთით ვარჯიშს დღეში. წამახალისებელი პროექტების არსებობა ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას. მოტივაცია ავტომატურად უბიძგებს მოსწავლეს აქტიურობისკენ, რათა დაისახოს მიზანი და ეძებოს ამ მიზნის მიღწევის გზები, ხერხები და საშუალებები. გვქონდა პატივი რამდენიმე წლის წინ გვემასპინძლა იაპონიის ფარიკაობის (კენდო) დელეგაციისთვის, რომელიც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყვნენ მასწავლებლებიც. დავინტერესდი მათი სასკოლო ცხოვრებით; ვთხოვე, გაეზიარებინათ გამოცდილება და მოეყოლათ თავიანთი სკოლების შესახებ, რაც საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის გარეთ მიწევს გასვლა შეჯიბრებებზე ან სემინარებზე, მაქსიმალურად ვცდილობ, თუ დროში არ ვართ შეზღუდულები, დავინტერესდე ამ ქვეყნის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებით, რათა მეტი გამოცდილება დავაგროვო და მიღებული ცოდნა თუ გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო ჩემს მოსწავლეებს. ამის დრო სამწუხაროდ იშვიათად მრჩება გადატვირთული გრაფიკის გამო, მაგრამ ვიმედოვნებ, მომეცემა საშუალება კონკრეტულად ამ მისიით წავიდე ხოლმე სხვა ქვეყნების სკოლებში, გავცვალოთ იდეები, ხედვები, მიზნები, გამოცდილებები. გვქონდეს მჭიდრო კავშირები, ავიღოთ მათგან საუკეთესო მაგალითები და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში, რათა შევქმნათ უფრო კონკურენტული გარემო.
რას ურჩევს სპორტის მასწავლებელი ბავშვებს და სპორტის მასწავლებლებს?
ბავშვებს ვურჩევდი იყვნენ უფრო აქტიურები. არ იფიქრონ, რომ რამეს ვერ შეძლებენ. ნუ აჰყვებიან სხვების აზრებს, რომ რაღაც მათი საქმე არ არის, ან ეს მათ ძალებს აღემატება. არასდროს მოუსმინოთ ისეთ ადამიანებს, დიდი იქნება ეს თუ მათი თანატოლი, რომლებიც თქვენს განვითარებას აფერხებენ. იყავით უფრო კრიტიკულები და მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, იყავით მაქსიმალისტები და ყოველთვის დაეხმარეთ თქვენზე სუსტს განვითარებაში, გაეცით მეტი პოზიტივი, იყავით მეგობრულები, ეცადეთ იცხოვროთ სპორტულად და ეს აუცილებლად დადებითად აისახება არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ინტელექტუალურ და სულიერ შესაძლებლობებზეც. ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ასევე არ არსებობს დამარცხება, არსებობს გამარჯვება ან გამოცდილების მიღება. ყველაფერი დაძლევადია, მთავარია მოინდომოთ და არ დანებდეთ, იპოვეთ სწორი ადამიანი, რომელიც თქვენს პოტენციალს დაინახავს და განავითარებს.
რაც შეეხება მასწავლებლებისთვის რჩევის მიცემას, მირჩევნია რჩევები მათგან მივიღო დიდი პატივისცემით და სიყვარულით.
რატომ ფარიკაობა?
ალბათ ქართული გენიდან გამომდინარე მოვიდა ჩემამდე ეს სურვილი. ისტორიიდან ყველამ ვიცით ქართველები სულ ომებში ვიყავით, ჩვენი წინაპარი მუდმივად ბრძოლის მოლოდინში იყო, ამიტომ ფარ-ხმალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. თავდაპირველად ვვარჯიშობდი კარატეში, ქალაქ სენაკში, სენსეი ელგუჯა (ნუკრი) ჩემიასთან. მონაწილეობას აქტიურად ვიღებდით სხვადასხვა ტურნირებში, აქტიურად ვვარჯიშობდით და ვაღწევდით წარმატებებსაც, და ვიღებდით გამოცდილებებსაც. აბიტურიენტობისას, სამწუხაროდ, მომიხდა პაუზის აღება. შემდგომ იყო მეგობრის შემოთავაზება მონაწილეობა მიგვეღო კენდოს სემინარში, რომელსაც ატარებდა ვილნიუსში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, კენდოკა (ასე მიმართავენ ადამიანს ვინც კენდოში ვარჯიშობს), გია ამყოლაძე. მანამდე კენდო არასდროს მქონდა ნანახი. პირველად დოჯოში (დარბაზში) მოხვედრისას სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თითქოს არ იყო ეს ჩემთვის ახალი, უცხო და უცნაური, პირიქით ძალიან ახლობელი და საინტერესო აღმოჩნდა. ეს ინტერესი შემდგომში განავითარა სენსეი ანდრეს კრუზმა, რომელიც არის საქართველოში კენდოს დიდი გულშემატკივარი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემის „თბილისში“ დირექტორი და კენდოს ინსტრუქტორი (მეხუთე დანის მფლობელი). მისი დახმარებით და დიდი შრომით ვილნიუსში (ლიეტუვა) ჩავაბარე რანგის გამოცდა და მომენიჭა პირველი დანი. რამოდენიმე წლის შემდეგ თბილისში გვეწვია მაღალი რანგის ინსტრუქტორები სხვადასხვა ქვეყნიდან (იაპონია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ისრაელი), სადაც წარმატებით ჩავაბარე მეორე დანის გამოცდაც. 2019 წელს ჩვენი ქვეყანა პირველად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში, სადაც დიდი მოწონება და პატივისცემა დავიმსახურეთ. შევეცადეთ ბევრი ადამიანისთვის მოგვეყოლა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამჟამად, ვემზადები საკმაოდ რთული გამოწვევისთვის, მესამე დანის გამოცდებისთვის, რაც საკმაოდ შრომატევადი და ძნელად მიღწევადია. ასევე ვემზადებით მომავალ წელს დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო სპორტი?
სასკოლო სპორტი არის საკვანძო, გარდამავალი ეტაპი, რომელიც აუცილებლად აქტიურად და გააზრებულად უნდა გაიაროს თითოეულმა მოსწავლემ, რათა შემდგომში შეძლოს უფრო დიდი გამოწვევების და სირთულეების დაძლევა. სპორტი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის გამოსაცდელად, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შესამოწმებლად, არსებული ძალების განსავითარებლად და პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად.
https://www.facebook.com/742664985851700/posts/4421668854617943/?sfnsn=mo
წყარო : https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada