• 📌საინტერესო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

          • დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით III, VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარდა ლექცია პრეზენტაციის სახით :

            • უბილეთო მგზავრობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
            • შინაური ბინადარი ცხოველის უფლებები, ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზომები;
            • შეხვედრას უძღვებოდა სამართლის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქალბატონი მაკა სალხინაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი, სამართლის მაგისტრი,  ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი ბატონი კახაბერ იოსელიანი.

            მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მომხსენებლებს, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები . განსაკუთრებით გამოვყოფთ პატარა მსმენელებს III -ა კლასიდან .

            სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ მაკასა და ბატონ კახაბერს აქტუალურ თემებზე საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის .

            #დაიცავიკანონი

          • 🪴 II-ა კლასის მოსწავლეები გარდენიეში

          • II-ა კლასის მოსწავლეები  პედაგოგ  ეკა ლომთათიძესთან ერთად ესტუმრნენ დეკორატიულ მცენარეების პატარა სანერგე -,, გარდენიეს’’ . დაათვალიერეს  შესანიშნავი ბაღი, ნახეს იების მრავალსახეობა, დეკორატიული კომბოსტოები, ზეთისხილის მრავალსაუკუნოვანი ხეები, იაპონური კომში, ცხრაასამდე ჯიშის სუკულენტები, მაგნოლიები, თეთრი და ვარდისფერი პიონები, სხვადასხვანარი  ყვავილებითა და მცენარეებით გაკეთებული კომპოზიციები.  შემდეგ ,,გარდენიეს“ თანამშრომელმა  მოსწავლეები შეიყვანეს  სახელოსნოში,  სადაც  მომზადებული იყო ქოთნები. ბავშვებმა ქოთნები ჯერ შეღებეს,  ზედ აპლიკაციები გაუკეთეს, (დეკუპაჟი) შემდეგ ქოთნებში  ჩაყარეს მიწა, ჩარგეს ლამაზი მცენარე-კრასულა (ანუ-სიყვარულის ხე), მორწყეს და გულდასმით მოისმინეს რჩევები. 

                 მოსწავლეების ნამუშევარი ქოთნები გარდენიამ მათ საჩუქრად გადასცა.   

          • 🥇ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 29 ნოემბერს გაიმართა ამოცანების ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები.

             

            საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

            I ადგილი- ანასტასია მესხია, ალექსანდრე ხუნდაძე და ანდრია ვახანია

            II ადგილი- ილია ქამადაძე, რაული დალივალოვი და ელენე ჯობავა

            III ადგილი- ელენე კიკნაძე

            ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!

            პედაგოგი: ანი ჭანტურია

          • 📌 მე-10 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

          •        მე-10 ა და მე-10 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგებთან და დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოქროს ფონდში .

            ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.

          • 📍 ვიქტორინა ინგლისურ ენაში

          • დღეს, სკოლაში IX-X-XI კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, ინგლისურ ენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ზოგადი საკითხები სხვადასხვა საგნებიდან.

            ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სწრაფი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება.

          • 🍁 შემოდგომის ფესტივალი

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კვირეული - „შემოდგომის ფესტივალი“.

             კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საკლასო თუ სასკოლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს III-ა კლასის მოსწავლეებმა. მესამეკლასელები ხალისით ჩართნენ საკლასო აქტივობაში - „მე შემოდგომის ფერებში“ - ავტოპორტრეტი. გაისეირნეს სკოლის ეზოში, დააკვირდნენ შემოდგომის ბუნებას, შეაგროვს შემოდგომის ფოთლები, გირჩები, დაკრიფეს კომში, შემდგომ კი სახლიდან მოტანილი და სკოლის ეზოში დაკრეფილი ხილით კლასში მოეწყო შემოდგომის კუთხე.

            დააგემოვნეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. მონაწილეობა მიიღეს სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ კონცერტში - შეასრულეს მუსიკის გაკვეთილებზე ნასწავლი სიმღერა შემოდგომაზე, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს.

            კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, მიიღეს ინფორმაცია ძველად ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ, გაეცნენ ადამიანების შრომა-საქმიანობას შემოდგომაზე. ექსკურსიის ბოლოს მუზეუმის მიმდებარე ტყეში გაისეირნეს, შეაგროვეს შემოდგომის ფოთლები, გამართეს პიკნიკი. დააგემოვნეს საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელები.

             კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.

          • 🔹 განცხადება

          •    2022 წლის 12 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით ქალბატონი მაკა სალხინაშვილი და ბატონი კახაბერ იოსელიანი VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ ლექციას პრეზენტაციის სახით :

            უბილეთო მგზავრობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

            შინაური ბინადარი ცხოველის უფლებები, ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზომები

          • 📚 მე მკითხველი ვარ!

          • საგან მე და საზოგადოების ფარგლებში, მიმდინარე თემიდან გამომდინარე, მე-4 ა კლასი ესტუმრა სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს და გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაციას.

          • 🍂 ეთნოგრაფიულ მუზეუმში

          • შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სკოლა სხივის III ბ კლასი ესტუმრა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

            მოსწავლეებმა პროფესიონალი გიდის საშუალებით მოინახულეს სამუზეუმო სივრცე, დიდი ინტერესით უსმენდნენ თითოეული სახლის ისტორიას და გულდასმით დაათვალიერეს სივრცეში დაცული განსაკუთრებული ექსპონატები/ნივთები. მოსწავლეებისთვის ვიზიტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა და აღფრთოვანებული დაბრუნდნენ სკოლაში. 

          • 💻პრეზენტაციების ჩეკლისტები

          • მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იმუშავეს პრეზენტაციებზე: ,,საქართველოს მეფეები". მოსწავლეებს აქამდე ნასწავლი და ცნობილი საქართველოს მეფეებიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მეფე, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. პრეზენტირების დროს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მეფეების თვისებებზე, მათ მიღწევებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებმა საინტერესო ინტერპრეტირება მისცეს აღნიშნულ დავალებას. გარდა იმისა, რომ ყველამ ინდივიდუალური ნაშრომი წარმოადგინა, ზოგიერთმა მოსწავლემ საინტერესო ხერხს მიმართა: შეადგინა ცხრილი, რომელშიც ყველა მეფე აღნიშნა, ცხრილით კი აჩვენა მეფეების დადებითი, უარყოფითი მხარეები, მათი მიღწევები და მეგობრებს გააცნო საკუთარი დამოკიდებულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციების დასასრული, როდესაც მოსწავლეები შეფასებებს აძლევდნენ პრეზენტატორს, აქებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, აკრიტიკებდნენ, განიხილავდნენ და მსჯელობდნენ სამართლიანად ნაშრომების შესახებ.

            #მოსწავლეთაჩართულობა

            #პასუხისმგებლობა

            #სწავლასწავლებისმაღალიხარისხისუპირატესობები

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🍁 შემოდგომის გაცილება

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში მხიარულად გააცილეს შემოდგომა. დაიგეგმა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა: საშემოდგომოდ მორთეს საკლასო ოთახი, ფოთლებისგან დაამზადეს შემოდგომის აპლიკაციები, მიიღეს სკოლაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა, ბოლოს კი ამოავლეს ჩურჩხელები. ფესტივალმა მოსწავლეებისთვის სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

            დამრიგებელი: თამარ გურგენიძე

          • 📢 დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია სხივში

          • ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 25 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

            ასევე გაცნობებთ, რომ სკოლა (საკლასო ოთახები, სველი წერტილები და ა.შ) ყოველდღე სუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებთ. 

            გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

          • 📌წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

          • ,,ტვინების ბრძოლის" მე-2 ტურში გადასული მე-7 და მე-8 კლასის გუნდები შერკინების დაწყების მოლოდინში.

            წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

            P.S ჩვენი გუნდი (ტვინების ბრძოლაში) შემდეგ ეტაპზე გადავიდა

          • 📖📚 ჩემი ვეფხისტყაოსანი

          • ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, გაცილებით შემოქმედებითები ხდებიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს ქმნიან. ასე მოხდა მე-7 ბ კლასშიც, როდესაც ,,ვეფხსიტყაოსნის" რამდენიმე თავი გავიარეთ გაჩნდა ინტერესი, გულწრფელი დამოკიდებულებები და სურვილები. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა დასამახსოვრებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს და ყველას სახლში თაროზე შემოდებული ,,ვეფხისტყაოსანი" გააცოცხლეს. 

            #ინტერესი

            #ძიება

            #კვლევა

            #დიდისიხარულიაროდესაცშენდაინახეისრაცსხვასშეიძლებაარდაუნახავს

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🎉 გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

          •  დღეს თქვენი დღეა - გილოცავთ სტუდენტებო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებულად განაგრძობენ სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. გვეამაყებით და მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით. გისურვებთ განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!