სწრაფად გაფრენილი 4 წელი . . .
როგორც ყოველთვის ამჯერადაც სწრაფად გაირბინა თქვენთან გატარებულმა ოთხმა წელმა. ამას ჩვენი ერთად ყოფნის დროს ხშირად ხაზს ვუსვამდი და ახლა კი თქვენ მეკითხებით გაკვირვებულები - მართლა რა სწრაფად გავიდა დრო მასწავლებელო?!
მახსოვს როგორი შიშნარევი, დაბნეული თვალებით მიყურებდით სკოლაში ახლადმოსულები. მაკვირდებოდით, ახლოს ვერ მოდიოდით. მეც, თქვენთან ერთად ვღელავდი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მეც მეპარებოდა ეჭვი ვაი თუ არ მიმიღონ, ვერ შემიყვარონ (ეს განცდა ყოველი ახალი კლასის აყვანასთან ერთად მეუფლება), მაგრამ ჩემი გამოცდილება მკარნახობდა, რომ დამშვიდდი, ყველაფერი დროის ამბავია და რომ სიყვარულიც, პატივისცემაც, თანაგრძნობაც დროსთან ერთად მოვა. არც შევმცდარვარ! თქვენი ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა იმ დროს მოხდა, როცა ამქვეყნად ყველაზე დიდ და მოუშუშებელ ტკივილს განვიცდიდი, რომლის დაძლევაშიც თქვენ დამეხმარეთ, თქვენ ჩემი გული სიყვარულით და იმედებით აავსეთ!
რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მსიამოვნებდა თქვენთან ერთად დროის გატარება, მსჯელობა, კამათი, „საქმეების გარჩევა“, ჩემი თავგადასავლების მოყოლა, ზოგჯერ ისეთისაც, რომელიც არავისთვის გამიმხელია (რაც თქვენ ძალიან მოგწონდათ), ჩუმად დაკვირვება, სიცილი, იმის მოსმენა თუ როგორ მომიხსენიებდით „მასწავლებლად“ და არა „ლელა მასწავლებლად“. ჩუმად გისმენდით ცხრილის ნახვის დროს როგორ ითვლიდით ჩემს გაკვეთილებს და რა თბილად აღნიშნავდით, დღეს მასწავლებლის გაკვეთილები ბევრი გვაქვს და „YES”-ს აყოლებდით. როცა გაკვეთილზე გამაბრაზებდით და წყენას გამოვხატავდი, ნუცა ოსტატურად ნიშანს მოგცემდათ და მთელი კლასი ერთდროულად გამოიქცეოდით, წრეში მომიქცევდით და მეხუტებოდით, მეც მაშინვე მავიწყდებოდა წყენა! ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, ქეთის თქმისა არ იყოს - „ისე მიყვარს ჩემი კლასი, ერთი რვეული არ მეყოფა მათზე დასაწერად“, მეც ეს დამემართა მგონი.
მე მყავდა და მყავს 17 შესანიშნავი მოსწავლე, რომელთან ერთადაც სიამოვნებით გავატარე 4 წელი, მათ უკვე იციან ჩემი, ერთმანეთის, მასწავლებლების, მშობლების, უფროსი თაობის, სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა, გაფრთხილება, იციან მეგობრობის ფასი, ბოდიშის მოხდა, შეცდომის აღიარება, სიკეთის კეთება და რაც მთავარია სიყვარული! მე უკვე ვამაყობ თქვენით, თქვენ სამუდამოდ ჩემები გქვიათ!
ჩემო ვითომ-ვითომ დიდებო, მაგრამ მაინც პატარებო, ბედნიერად გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდობიან, ჯანსაღ, სიკეთით სავსე ქვეყანაში. რომ არა დღევანდელი, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა, ჩვენი ბოლო დღეები უფრო საინერესოდ დატვირთული იქნებოდა! მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება, მთავარია ყველამ ჩვენი გასაკეთებელი პირნათლად შევასრულოთ!
სხვანაირ მომავალ შეხვედრამდე!
სიყვარულით - თქვენი ლელა მასწავლებელი